1907 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სამშობლოში რომ დაბრუნდა, მას შემდეგ იგი მთელი ზაფხული თითქმის საგურამოში ცხოვრობდა.7 ივნისს მოკლული ერთგული მოურავის მოსე მემარნიშვილის ნაცვლად, თავისი დის- ელისაბედ საგინაშვილის რეკომენდაციით ივნისის ბოლოს საგურამოს მოურავად ილიას აჰყავს დიმიტრი ჯაში. 21 აგვისტოს ჭავჭავაძეს ესტუმრა ძველი მეგობარი გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი. სწორედ მან შემოგვინახა ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი დღეების დოკუმენტური სანდო სუტათი:”... დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს და აწუხებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცუდი ამბები.მაგრამ არ უყვარდა მის შესახებ ლაპარაკი და ამჯობინებდა რასმე წაკითხვას ან ისეთ საგნებზე ლაპარაკს, რომელთაც შეეძლო დაევიწყებინათ არევ-დარეულობის სამწუხარო სურათები.
საზოგადოდ შევნიშნე ენერგიის სისუსტე და ის სიფიცხე, რომელიც სჩვევია მოხუცებულიბას.აღარ ჰქონდა, როგორც შევამჩნიე, წინანდებური სიყვარული სხვასთან ყოფნისა და ლაპარაკისა.ხანდახან საღამოობით,დიდხანს იჯდა გაჩუმებული აივანზედ.მთელი ექვსი დღის განმავლობაში ჩემი უკანასკნელი ყოფნის დროს მე არ მინახავს ღიმილი მის სახეზე.
ბოლო დროს ხშირად ხმარობდა სიტყვას” უმადურობას “. როგორც ა. ლაისტის სიტყვებიდან ვრწმუნდებით, ილიას რაღაც ავისმომასწავლებლად უგრძნობდა ტანი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.
ორშაბათს, 27 აგვისტოს, დილით, ილია საგურამოდან მეუღლის, არტურ ლაისტისა და მსახურის იაკობის თანხლებით, თავისი საკუთარი ეტლით თბილისში წამოსულა და თან დაუბარებია მალე დავბრუნდებიო.
დილა ღრუბლიანი იყო და წვიმა წამოვიდა. რადგან ფაეტონს სახურავი არ ჰქონდა ყველა დასველდა. ილია ჩაფიქრებული იჯდა და ერთხელ თუ ორჯერ თქვა, რომ მეშინია გაცივებისო.
არსებობს ცნობა, რომ უახლოესი მეგობარი ილიას ურჩევდა რომ არ წასულიყო თბილისიდან საგურამოში.
გაზეთ “ბახტრიონში” 1922 წლის 11 სექტემბერს გამოქვეყნებულია ოლღა ჭავჭავაძის მოგონება “ილიას უკანასკნელი წუთები”, რომელშიც ვკითხულობთ:
“30 აგვისტოს, შუადღისას მივედით წიწამურთან. აქ გზის პირას იყო წყარო, რომელიც ილიას ძალიან უყვარდა. ისე არ გავივლიდით, რომ იქ არ ჩამოვსულიყავით და არ შეგვესვენა. ამ საბედისწერო დღესაც გავჩერდით.ორმოც წუთზე მეტი ილია გადიოდ-გამოდიოდა მწვანე მოლზე. კარგა ხნის შემდეგ ამოვიდა და ბიჭს უბრძანა -გარეკეო.
ოთხი წუთის შემდეგ იგრიალა ბერდანის ტყვიამ.ილიამ სტაცა ხელი რევორვერს და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო- “რას სჩადიხართო!’-მეტი აღარა მახსოვს რა.”
მეეტლე თ. ლაბაურის თქმით,ბოროტმოქმედთა შეძახილი “შესდექით” რომ შემოგვესმა,ილიამ მხოლოდ ორი სიტყვის დაყვირება მოასწრო:”სწრაფად გარეკე!”
როგორც შემდეგ გამოირკვა ,მეეტლე თედო ლაბაური ილიაზე თავდასხმის შეთქმულების აქტიური მონაწილე იყო.
ილია ჭავჭავაძის მოწამეობრივი სიკვდილის ამბავმა თავზარი დასცა მთელ საქართველოს. 1907 წლის 30 აგვისტოს ,ხუთშაბათს, ნაშუადღევს 1-სთ-სა და 30 წუთზე,წიწამურის ველზე მომხდარი დაუჯერებელი ტრაგედიის ცნობა თბილისში გამოაგზავნა შემთხვევით იმ დღეს მცხეთაში მყოფმა გაზეთ “ისრის’ თანამშრომელმა ვლ. ლორთქიფანიძემ.
უფრო დაწვრილებით ცნობებს ვპოულობთ “ისრის” 2 სექტემბრის ნომერში:”იმ ადგილას ტყეა, საიდანაც მოულოდნელად გამოვარდნილა ოთხი შეიარაღებული კაცი. მხეცებს ეტლი გაუჩერებიათ და მაშინვე შესდგომიან საზიზღარ საქმეს. ილიას თან ჰყოლია მსახური იაკობი, რომელიც ეტლიდან გადმომხტარა და გაქცეულა ტყისკენ, მაგრამ ორი კაცი დასდევნებია და იქვე გაუთავებიათ.ეს არ უკმარიათ და თერთმეტ ადგილას დაუჭრიათ. დანარჩენნი მისცვევნიან ეტლს. ილიასთვის სამჯერ დაუხლიათ რევოლვერი. ორი ტყვია მოჰხვედრია შუბლში, ერთი გულში.დაჭრილს ხმის ამოღებაც კი ვერ მოუსწრია და იქვე დაულევია სული.”
No comments:
Post a Comment